რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, არ უნდა დავამციროთ – მაკრონი

ემანუელ მაკრონი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას 
Sputnik/Kremlin via REUTERS

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს და დასძენს, რომ მას სჯერა, პარიზი ამ კონფლიქტის დასრულებაში შუამავლის როლს ითამაშებს. 

მაკრონის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთი "პუტინის ისტორიული შეცდომის" მიუხედავად, არ დაამციროს.

"ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც ომი დასრულდება, გამოსავალის პოვნა დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით შევძლოთ. მჯერა, რომ საფრანგეთი ამ პროცესში შუამავლის როლს შეასრულებს". - თქვა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საუბრისას უთხრა, რომ იგი "ისტორიულ და ფუნდამენტურ შეცდომას უშვებს როგორც საკუთარი ხალხის, ასევე საკუთარი თავისა და ისტორიის წინაშე". 

ომის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთი უკრაინას როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო გზით ეხმარება, თუმცა ამ დრომდე, პოლიტიკური მხარდაჭერის ჩვენების მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში არ ჩასულა. მაკრონის თქმით, იგი კიევში ვიზიტს არ გამორიცხავს. 

კომენტარები