რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები საზღვრებზე თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა
REUTERS/Janis Laizans

ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ვილნიუსში შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ გერმანიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები ბალტიის რეგიონში თავდაცვის გასაძლიერებლად ჯარების რაოდენობისა და საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაზრდაზე შეთანხმდნენ.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში თავდაცვითი შესაძლებლობები, ჯარების რაოდენობისა და საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაზრდით უნდა გავაძლიეროთ". - თქვა ნაუსედამ.

7 ივნისს, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ლიტვაში ქვეყნის უმაღლეს პირებთან ვიზიტისთვის ჩავიდა, სადაც მაღალჩინოსნებმა თავდაცვის საკითხებზე ისაუბრეს. გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინის ომის ფონზე ბალტიის რეგიონის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები