რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანა

REUTERS/Edgar Su

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან აღნიშნა, რომ დაიბომბა ქალაქის ინფრასტრუქტურა. 

"რამდენიმე აფეთქება დარნიცკის და დნეპროვსკის რაიონებში მოხდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობს საგანგებო სამსახური". - წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში. 

კიევის მერმა აღნიშნა, რომ  საავადმყოფოში ერთი ადამიანი გადაიყვანეს, შეტაკების შედეგად არავინ დაღუპულა. სხვა ოფიციალური პირების განმარტებით, რუსი სამხედროები სარკინიგზო ქსელს უმიზნებდნენ.

უკრაინაზე რუსული თავდასხმების გაგრძელებისა და ფართომასშტაბიანი ნგრევის მიუხედავად, კიევი ბოლო კვირებში შედარებით მშვიდი იყო, რადგან მოსკოვმა სამხედრო ფოკუსი აღმოსავლეთისა და სამხრეთისკენ გადაიტანა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები