რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თურქეთი უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს – კიევის ელჩი თურქეთში

კიევის ელჩი ანკარაში, ვასილ ბოდნარი

კიევის ელჩმა ანკარაში, ვასილ ბოდნარმა თქვა, რომ თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც უკრაინიდან რუსების მიერ მოპარულ მარცვლეულს ყიდულობენ. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით Reuters-ი ავრცელებს

ვასილ ბოდნარმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ მან თურქეთის ხელისუფლებასა და ინტერპოლს დახმარება სთხოვა, რათა გამოიძიონ, თუ ვინ არის მარცვლეულის გადაზიდვაში ჩართული, რომელიც თურქეთის მიერ კონტროლირებად წყლებში გადის.

29 მაისს CNN-მა Maxar Technologies-ის მიერ მიწოდებულ ფოტოებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინული ფერმებიდან სავარაუდოდ მოპარული მარცვლეულით სავსე რუსული სატვირთო გემი სირიის პორტ ლატაკიაში ჩავიდა.

აქამდე, CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ უკრაინის ფერმებიდან და სილოებიდან ყირიმში რუსული სატვირთო მანქანებით ოკუპანტებს მარცვლეული გადაჰქონდათ. მაისის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ოკუპირებულ რაიონებიდან რუსეთის ძალებმა 400 000 ტონაზე მეტი მარცვლეული მოიპარეს.

მარცვლეულით ქურდობა უკრაინაში წლევანდელ მოსავალს უქმნის საფრთხეს მაშინ, როდესაც უკრაინა ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა მსოფლიოში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ფასი ყოველდღიურად იზრდება. ამჟამად, ერთი ტონა მარცვლეულის ღირებულება ბაზარზე დაახლოებით $400-ია. 

ასევე, უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ მარიუპოლის პორტში, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ, ომის დაწყების შემდეგ გემი პირველად შევიდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გემს ლითონით დატვირთვის შემდეგ აღმოსავლეთ რუსეთში გაგზავნიან. 

უკრაინის უმსხვილესმა ფოლადის მწარმოებელმა, Metinvest-მა კრემლი მეკობრეობაში დაადანაშაულა და შეშფოთება გამოთქვა იმაზე, რომ რუსეთმა მარიუპოლში ჩაძირული რამდენიმე გემი მეტალურგიის მოპარვისა და კონტრაბანდისთვის შეიძლება გამოიყენოს. 

კომენტარები