რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი სირიაში ჩავიდა

CNN-ი Maxar Technologies-ის მიწოდებულ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინული ფერმებიდან სავარაუდოდ მოპარული მარცვლეულით სავსე რუსული სატვირთო გემი სირიის პორტ ლატაკიაში ჩავიდა.

CNN-ის ცნობით, რუსული სატვირთო გემი ლატაკიაში უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე მეორედ დაფიქსირდა. გემით დაახლოებით 30 000 ტონა მარცვლეულის გადატანაა შესაძლებელი.

აქამდე, CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ უკრაინის ფერმებიდან და სილოებიდან ყირიმში რუსული სატვირთო მანქანებით ოკუპანტებს მარცვლეული გადაჰქონდათ. მაისის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ოკუპირებულ რაიონებიდან რუსეთის ძალებმა 400 000 ტონაზე მეტი მარცვლეული მოიპარეს.

მარცვლეულით ქურდობა უკრაინაში წლევანდელ მოსავალს უქმნის საფრთხეს მაშინ, როდესაც უკრაინა ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა მსოფლიოში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ფასი ყოველდღიურად იზრდება. ამჟამად, ერთი ტონა მარცვლეულის ღირებულება ბაზარზე დაახლოებით $400-ია. 

ასევე, უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ მარიუპოლის პორტში, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ, ომის დაწყების შემდეგ გემი პირველად შევიდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გემს ლითონით დატვირთვის შემდეგ აღმოსავლეთ რუსეთში გაგზავნიან. 

უკრაინის უმსხვილესმა ფოლადის მწარმოებელმა, Metinvest-მა კრემლი მეკობრეობაში დაადანაშაულა და შეშფოთება გამოთქვა იმაზე, რომ რუსეთმა მარიუპოლში ჩაძირული რამდენიმე გემი მეტალურგიის მოპარვისა და კონტრაბანდისთვის შეიძლება გამოიყენოს. 

კომენტარები