რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლიდან როსტოვში ლითონი გემით გააქვთ, რუსეთის ქმედებები ძარცვას უტოლდება – დენისოვა

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის პორტში, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ, ომის დაწყების შემდეგ გემი პირველად შევიდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გემს ლითონით დატვირთვის შემდეგ აღმოსავლეთ რუსეთში გაგზავნიან. უკრაინა ამ ნაბიჯს ძარცვას უწოდებს

პორტის თანამშრომელმა თქვა, რომ გემი 2 700 ტონა ლითონით დაიტვირთება და რუსეთის ქალაქ როსტოვში გაიგზავნება, თუმცა მან ლითონის წარმოების ადგილი არ დააკონკრეტა.

უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ თქვა, რომ უკრაინიდან ლითონის რუსეთში გაგზავნა ძარცვას უტოლდება. 

"უკრაინული მარცვლეულის ქურდობის შემდეგ, ოკუპანტებმა მარიუპოლიდან ლითონის ექსპორტი დაიწყეს. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძარცვა გრძელდება". - წერს დენისოვა Telegram-ზე. 

უკრაინის უმსხვილესმა ფოლადის მწარმოებელმა, Metinvest-მა კრემლი მეკობრეობაში დაადანაშაულა და შეშფოთება გამოთქვა იმაზე, რომ რუსეთმა მარიუპოლში ჩაძირული რამდენიმე გემი მეტალურგიის მოპარვისა და კონტრაბანდისთვის შეიძლება გამოიყენოს. 

Metinvest-მა ასევე დაადასტურა, რომ მარიუპოლის პორტში მათ მიერ წარმოებული ლითონის მარაგებია.

რუსეთი მარიუპოლს მას შემდეგ აკონტროლებს, რაც გასულ კვირას ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 2 400-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ოკუპანტებს ჩაბარდა.

ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ მებრძოლებს, რომელთა ევაკუაციაც მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მოხდა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

აზოვსტალში მყოფი სამხედროების შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ქარხანაში 2 400-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

კომენტარები