რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ლისიჩანსკი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქი ლისიჩანსკი დაბომბეს. საარტილერიო იერიშების შედეგად, 1 ქალი დაიღუპა. აგრეთვე, დაზიანდა 2 სახლი, ინფრასტრუქტურული ობიექტები და სახანძრო მანქანები. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

აგრეთვე, სერგეი გაიდაის თქმით, ოკუპანტები იერიშებს აგრძელებენ სევეროდონეცკის მიმართულებითაც. რუსებმა ქალაქში სამოქალაქო ობიექტები დაბომბეს, რის შედეგადაც 9 სახლი დაზიანდა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები