საქართველო-გერმანია

საელჩო: გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა კვლავ მხოლოდ აცრილებს შეუძლიათ

"გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი" - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ". ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში საქართველოდან ტურისტული მიზნით გამგზავრება კვლავ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინებით არიან აცრილები. ასევე, შეუშვებენ მოდერნათი და ჯონსონით აცრილ მგზავრებს, თუმცა, საქართველოში ეს ვაქცინები ამ დრომდე არ შემოსულა.

თავდაპირველად, 31 მაისს საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1-ლი ივნისიდან საქართველოდან გერმანიაში შესვლის მსურველებისთვის ყველა Covid-რეგულაცია უქმდებოდა. საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, მგზავრებისთვის აღარ იქნებოდა სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა.

"გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან ომიკრონი უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს.

ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც მოხდა ვირუსის მუტაცია. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით" - აცხადებდა გერმანიის საელჩო საქართველოში.

კომენტარები