რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: სევეროდონეცკის ქუჩებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

Alexander Ermochenko/Reuters

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები ლუგანსკის ოლქის მცირე სექტორში არიან კონცენტრირებული. 30-31 მაისს სევეროდონეცკის ქუჩებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ამასთან ერთად, ოკუპანტები ქალაქის ცენტრს მიუახლოვდნენ.

"ქალაქის ნახევარზე მეტი რუსეთის სამხედრო ძალების, მათ შორის ჩეჩენი მებრძოლების მიერ არის ოკუპირებული. დონბაში რუსეთი ინფრასტრუქტურის განადგურებას განაგრძობს.

უკრაინას რუმინეთთან და დუნაიზე პორტებთან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი აკავშირებს, რომელმაც ომის დაწყების შემდგომ ექსპორტისთვის კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები