რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჰაბეკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ევროკავშირის ერთიანობა ნელ-ნელა ირღვევა

Piotr Molecki / East News

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი ამბობს, ევროკავშირის ერთიანობა ნელ-ნელა ირღვევა, რადგან ალიანსში რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ამ დრომდე არ არსებობს.

ჰაბეკის თქმით, ევროკავშირის ლიდერები 30-31 მაისს რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების მე-6 პაკეტის განსახილველად კვლავ შეიკრიბებიან. 

"რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გვიჩვენა ის, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ევროპა ერთიანია. იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალინდელ სამიტზეც ასე გაგრძელდება, თუმცა, ევროკავშირი ნელ-ნელა ისევ ნგრევას იწყებს". - თქვა ჰაბეკმა. 

ჰაბეკმა სამიტზე ევროკავშირის ქვეყნებს, მათ შორის გერმანიასაც, ერთიანობისკენ მოუწოდა.

"ევროპა ჯერ კიდევ უზარმაზარი ეკონომიკური ზონაა, წარმოუდგენელი ეკონომიკური ძალით. ხოლო, როდესაც ის ერთიანია, მას ამ ძალის გამოყენება შეუძლია". - დასძინა ჰაბეკმა გერმანიის Hannover Messe-ის სავაჭრო ბაზრობის გახსნაზე.

4 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე ისაუბრა, რომელიც უახლოს დღეებში შეთანხმდება და გასაჯაროვდება.

ლეიენის თქმით, ევროკავშირი რუსული ნავთობისგან სრულ დამოუკიდებლობას აცხადებს. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსული ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად გაუქმდება, თუმცა ეს თანმიმდევრული ნაბიჯებით მოხდება. მისივე თქმით, ნედლი ნავთობპროდუქტები ექვს თვეში ამოიწურება და 2022 წლის ბოლოსთვის რაფინირებული პროდუქტებით ჩანაცვლდება.

ამასთან ერთად, ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე შესაძლო სრული ემბარგოს დაწესების შემდეგ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთთან ვაჭრობას 2023 წლის ბოლომდე მაინც შეძლებენ. ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც BBC წერს, ევროკავშირი ამ ნაბიჯით იღებს ზომებს, რათა რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებულმა ქვეყნებმა სანქციების ახალ პაკეტს ვეტო არ დაადონ.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები