რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს ვერ მოიგებს, შეთანხმება მისი პირობებით არ უნდა შედგეს

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს ვერ მოიგებს და ვლადიმირ პუტინმა სამშვიდობო შეთანხმებას საკუთარი პირობებით არ უნდა მიაღწიოს. ამის შესახებ შოლცმა დავოსში, მსოფლიო ეკონიმიკურ ფორუმზე ესაუბრა.

"პუტინმა მისი ომი არ უნდა მოიგოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერც მოიგებს. მთლიანი უკრაინის აღება დღეს გაცილებით უფრო წარმოუდგენლად ჩანს, ვიდრე ეს ომის დასაწყისში იყო". - თქვა შოლცმა.

ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ ზემოხსენებულიდან გამომდინარე პუტინმა სამშვიდობო შეთანხმებას საკუთარი პირობებით არ უნდა მიაღწიოს.

"ნაკარნახევი მშვიდობა არ იქნება. უკრაინა ამას არ დათანხმდება, არ დავთანხმდებით ჩვენც. პუტინი მოლაპარაკებებს სერიოზულად მაშინ მიუდგება, როდესაც შეეგუება, რომ ამ ომს ვერ მოიგებს. შესაბამისად უკრაინისთვის დასავლეთის უწყვეტ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს". - თქვა შოლცმა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები