სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში

დონორებმა საქართველოს დაბალი ათვისების 12 პროექტისთვის 6 მილიონის ჯარიმა დააკისრეს

აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 12 პროექტში, რომელთა ათვისებაც 74.2 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ 17 მილიონით შესრულდა. შესაბამისად, დონორებმა საქართველოს დაბალი ათვისების 12 პროექტში 6 მილიონის “ვალდებულების გადასახადი” დააკისრეს.

ანგარიშში საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტების ათვისებაზეა საუბარი. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ გამოყოფილი რესურსის დაბალი ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომლებიც ვალდებულების გადასახადს (Commitment Fee) კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე ითვალისწინებს.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საგარეო წყაროებიდან მოზიდული საინვესტიციო კრედიტების მასშტაბით 60%-ზე დაბალი ათვისების 12 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 5.8 მლნ ლარს შეადგენს.

პროექტების ჩამონათვალშია თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი, რომელსაც EBRD აფინანსებს. ამ პროექტის შესრულება 25 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა ფაქტობრივი ათვისება მხოლოდ 6.8 მილიონი ლარი იყო. ამის გამო, საქართველომ EBRD-ს “ჯარიმის” სახით 289 ათასი ლარი გადაუხადა. ამასთან ერთად, 2020 წელსაც ეს პროექტი დაბალი ათვისებით გამოირჩეოდა, მაშინაც საქართველომ Commitment Fee გადაიხადა.

12 პროექტი, რომელთა დაბალი ათვისების გამოც, საქართველოს “ჯარიმის” გადახდა მოუწია:

  1. პროფესიული განათლება I (KfW) - ბიუჯეტი 3.4 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 195,000 ლარი;
  2. იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) - ბიუჯეტი 3.45 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 964,000 ლარი;
  3. ბათუმის ავტობუსების პროექტი (E5P, EBRD) - ბიუჯეტი 4.8 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 20,000 ლარი;
  4. ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება (AFD,EU) - ბიუჯეტი 1.2 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 1,178,000 ლარი;
  5. კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) - ბიუჯეტი 5 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 390,000 ლარი;
  6. 500 კვ გადამცემი ხაზი "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (Kfw, EU-NIF) - ბიუჯეტი 6.7 მლნ ლარი, ათვისება 0.1 მლნ ლარი, ჯარიმა 1,115,000 ლარი;
  7. მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) (KfW) - ბიუჯეტი 3.6 მლნ ლარი, ათვისება 0.2 მლნ ლარი, ჯარიმა 288,000 ლარი;
  8. Log-in Georgia (WB) - ბიუჯეტი 2.1 მლნ ლარი, ათვისება 0.2 მლნ ლარი, ჯარიმა 325,000 ლარი;
  9. თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) - ბიუჯეტი 25 მლნ ლარი, ათვისება 6.8 მლნ ლარი, ჯარიმა 289,000 ლარი;
  10. ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი I2Q (WB) - ბიუჯეტი 1.6 მლნ ლარი, ათვისება 0.7 მლნ ლარი, ჯარიმა 856,000 ლარი;
  11. მიწის ბაზრის განვითარება (WB) - ბიუჯეტი 15.4 მლნ ლარი, ათვისება 7.9 მლნ ლარი, ჯარიმა 146,000 ლარი;
  12. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) - ბიუჯეტი 2 მლნ ლარი, ათვისება 1.1 მლნ ლარი, ჯარიმა 6,000 ლარი.

კომენტარები