რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანდერსონი: შვედეთი ტერორისტულ ორგანიზაციებს ფულს არ უგზავნის, ცხადია - არც იარაღს

შვედეთის პრემიერმინისტრი მაგდალენა ანდერსონი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

შვედეთის პრემიერმინისტრი მაგდალენა ანდერსონი თურქეთის საპასუხოდ ამბობს, რომ შვედეთი ტერორისტულ ორგანიზაციებს არ აფინანსებს. 

"ჩვენ ტერორისტულ ორგანიზაციებს ფულს არ ვუგზავნით, ცხადია - არც იარაღს". - თქვა ანდერსონმა. 

ანდერსონის თქმით, თურქეთსა და შვედეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები გააცნო.

18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები