რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

9 წლის გოგონამ უკრაინელი ჯარისკაცების დასახმარებლად თმა პირველად შეიჭრა

Суспільне Чернігів

9 წლის უკრაინელმა გოგონამ ჩერნიგოვის ოლქიდან, კირა გუბინამ თმა ცხოვრებაში პირველად შეიჭრა იმისთვის, რომ ის გაეყიდა და მიღებული თანხით უკრაინელ ჯარისკაცებს დახმარებოდა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან და საკუთარ ქვეყანას იცავენ. გოგონას ეს იდეა თავშესაფარში ყოფნის დროს მოუვიდა, სადაც ის მშობლებთან, ძმებთან და დასთან ერთად რუსულ ბომბებს თავს არიდებდა.

9 წლის კირამ ინტერნეტში, რეკლამის საშუალებით ნახა ის სილამაზის სალონი, სადაც გოგონებს თმის შეჭრა, ჩაბარება და თანხის მიღება შეეძლოთ. კირამ შეჭრილ თმაში 3 500 გრივნა მიიღო. თანხას ბავშვის მშობლები თავიანთ მეგობარ სამხედროებს გადაურიცხავენ, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძვიან.

"ეს უცნაური შეგრძნებაა. გული მაქვს აჩქარებული, რადგან თმას ცხოვრებაში პირველად ვიჭრი. რა მოხდება? რას მიზამენ?". - თქვა კირამ.

გუბინების ოჯახი ჩერნიგოვში საცხოვრებლად 2 წლის წინ გადავიდა. მათი სახლი ქალაქის გარეუბანში მდებარეობს, რომელიც რუსი ჯარისკაცების მიერ, ომის დაწყების პირველივე დღიდან არაერთხელ დაიბომბა. მართალია, შენობა ბოლომდე არ განადგურებულა, თუმცა მას აღდგენა ესაჭიროება. გოგნას ჰკითხეს, თუ რატომ არ დახარჯა ეს თანხა, მაგალითად, მისი ოთახის გარემონტებაში, რაზეც კირამ უპასუხა:

იმიტომ, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს ოთახში განათება არ ესაჭიროებათ. მათ ეს თანხა პურისთვის, საკვებისა და წყლისთვის ესაჭიროებათ.ცშესაძლოა, ფული რაციების შესაძენადაც შეაგროვონ. უბრალოდ მინდა, რომ უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად რაიმე გავაკეთო". - თქვა გოგონამ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები