რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა დიპლომატმა უკრაინასთან ომი დაგმო და თანამდებობა დატოვა

ჟენევაში, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა, ბორის ბონდარევმა უკრაინასთან ომი საჯაროდ დაგმო და თანამდებობა დატოვა. როგორც ბონდარევი წერს, მას 20-წლიანი დიპლომატიური კარიერის დროს ასე არასდროს შერცხვენია საკუთარი ქვეყნის, როგორც 24 თებერვალს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ბონდარევმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას "კატასტროფული" უწოდა და აღნიშნა, რომ მთელი ამ 20 წლის განმავლობაში უწყებაში "სიცრუისა და არაპროფესიონალიზმის დონე მუდმივად იზრდებოდა". მისივე თქმით, პუტინის მიერ წამოწყებული ომი არის ყველაზე სერიოზული დანაშაული თავად რუსი ხალხის წინააღმდეგ.

"პუტინის მიერ უკრაინასთან და ფაქტობრივად, მთელ დასავლურ სამყაროსთან წამოწყებული აგრესიული ომი არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, არამედ, ალბათ, ყველაზე სერიოზული დანაშაული რუსი ხალხის წინააღმდეგ". - წერს ბონდარევი.

როგორც ბონდარევი აღნიშნავს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიით დაკავებული აღარ არის და მისი მიზანი ომის გაღვივება და სიცრუის დათესვაა. მისივე თქმით, დიპლომატიური კარიერის გაგრძელება სურს, თუმცა "ახლა საჯარო სამსახურში დარჩენა სამშობლოს ღალატის ტოლფასია".

ბორის ბონდარევის მიერ ომის დაგმობისა და თანამდებობის დატოვების ცნობა, თავდაპირველად UN Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰილელ ნეიერმა გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი, ზემოხსენებული გადაწყვეტილება თავად ბონდარევმაც დაადასტურა.


ბონდარევი მეორე რუსი დიპლომატია, რომელმაც დაკავებული თანამდებობიდან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადადგა.

მარტში ანატოლი ჩუბაისმა დატოვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

კომენტარები