რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ახალი ზელანდია უკრაინელი სამხედროების წვრთნებისთვის დიდ ბრიტანეთში სამხედროებს აგზავნის

უკრაინელი ჯარისკაცები თვითმავალ ჰაუბიცზე, ხარკოვი, უკრაინა 
Sergey Bobok/AFP/Getty Images

ახალი ზელანდია დიდ ბრიტანეთში თავდაცვის ძალების კიდევ 30 ჯარისკაცს გაგზავნის, რათა 230 უკრაინელ ჯარისკაცს ჰაუბიცის იარაღის მოხმარება ასწავლოს. ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრის, ჯასინდა არდერნის თქმით, ჯარისკაცები უკრაინელ კოლეგებს L119-ის 105-მმიანი მსუბუქი საველე იარაღის მართვას შეასწავლიან.

"ეს ახალი მხარდაჭერა ემატება იმ ფართო დახმარებას, რომელიც ჩვენ უკვე გავუწიეთ უკრაინას კონფლიქტის სამხედრო, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ და სხვა ასპექტებში. ძალზე ცოტაა შეიარაღებული ძალები, რომლებსაც მსგავსი წვრთნების ჩატარება შეუძლიათ, ამის გამოა ახალი ზელანდია სპეციალურად მოიწვიეს". - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

ასევე, მთავრობა სასწავლო მიზნებისთვის უკრაინას 40 სამიზნე იარაღსა და მცირე რაოდენობით საბრძოლო მასალებს გადასცემს. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები