რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბილეცკი: უკრაინელი მფრინავების საჰაერო გარღვევის რამდენიმე ეპიზოდს ფილმებშიც კი ვერ ნახავთ

ანდრეი ბილეცკი

აზოვის პოლკის დამფუძნებელმა ანდრეი ბილეცკიმ თქვა, რომ უკრაინელმა სამხედრო მფრინავებმა, სიცოცხლის რისკის ფასად აზოვსტალის ტერიტორიაზე მედიკამენტებისა და პირველადი დანიშნულების საგნების ჩატანა რამდენჯერმე შეძლეს.

ამის შესახებ მან უკრაინსკა პრავდასთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარიუპოლის დამცველებისთვის დახმარების გადაცემის 5-ზე მეტი მცდელობა იყო და ბოლო ორის გარდა, წარმატებით დასრულდა.

ბილეცკის თქმით, "მარიუპოლის რუსული ბლოკადის გმირული საჰაერო გარღვევის რამდენიმე ეპიზოდს ფილმებშიც კი ვერ ნახავთ".

"ანუ თავიდან ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ საბოლოოდ ცხადია, რომ მტერი ვითარდება, უყურებს, მას ესმის, რომ ვერტმფრენები მარიუპოლში აღწევენ. ამ მცდელობებში ჯერ უნდა გამოვყოთ გმირობა და შემდეგ უკრაინელი პილოტების პროფესიონალიზმი... ასეთი ოპერაციები კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა".- ამბობს ბილეცკი. 

მისივე თქმით, სპეცოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ეგიდით.

ბილეცკი ამბობს, რომ მისი როლი იყო დესანტის ორგანიზება. პოლკის მეთაურის თქმით, 72 აზოვის მებრძოლი ვერტმფრენებით გადაიყვანეს ქალაქის თავდაცვის გასაძლიერებლად.

"ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვერტმფრენით გადაიყვანეს მარიუპოლში, იყო აზოვის "კელტი", ის, სამწუხაროდ, მეორე დღეს გარდაიცვალა, ისე, როგორც უნდოდა. მან ბევრ მეგობარს უთხრა: "მინდა სახლში მოვკვდე".- თქვა ბილეცკიმ.


17 მაისს უკრაინამ დაიწყო აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით დაჭრილთა ევაკუაციის დეტალებს არ ასაჯაროებს. რუსულ მედიაში წერენ, რომ დაჭრილი უკრაინელი სამხედროები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან 1 000-მდე უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

ვოლოდინი აზოვის მებრძოლებზე: ნაცისტი კრიმინალები არ უნდა გაცვალონ
რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ მებრძოლებს, რომელთა ევაკუაციაც მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მოხდა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

აზოვსტალში მყოფი სამხედროების შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

კომენტარები