რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

გაიდაი: ოკუპანტები სევეროდონეცკში შეღწევას 4 მხრიდან ცდილობდნენ, თუმცა უკან დახევა მოუწიათ

რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკში შეღწევას ოთხი მხრიდან ცდილობდნენ, მაგრამ დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს. ამის შესახებ ინფორმაცია, ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ თავის Telegram-ზე გაავრცელა. 

"რუსებმა მაშინვე სცადეს შეჭრა სევეროდონეცკში ოთხი მხრიდან, მაგრამ მიიღეს ღირსეული პასუხი და უკან დაიხიეს წინა პოზიციებზე… მტერმა ჩაატარა შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები ოსკოლონოვკას, პურდოვკას, შჩედრიშჩევოსა და სმოლიანინოვოს ოლქებში… დაბომბეს საცხოვრებელი უბნები საარტილერიოდან და ნაღმტყორცნებიდან. დაზარალდა თითქმის ყველა კონტროლირებადი დასახლება. სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის განადგურდა რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე ხიდი".- აღნიშნავს გაიდაი. 

მისივე თქმით, დაკავებულია სამი პიროვნება, რომლებიც უკრაინის სამხედრო აღჭურვილობას ფოტოებს უღებდნენ. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები