რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს მაღალჩინოსნებს არ სჯერათ, რომ საზოგადოების აზრი პუტინის ომის პოლიტიკას შეცვლის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლების აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთში საზოგადოებრივი აზრის ცვლილებამ - თუნდაც დრამატულმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დასრულებისკენ უბიძგოს

მაღალჩინოსნები ასევე სკეპტიკურად უყურებენ პუტინის ხელისუფლებიდან გადაყენების საკითხსაც. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, მათი აზრით, სულ მცირე, უახლოეს მომავალში, პუტინის პოლიტიკურად ჩანაცვლება ვერ მოხერხდება. 

CNN სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინი ომის ყოველდღიურად მართვაში აქტიურად ჩართულია, იგი გადაწყვეტილებების მიღებაში უშუალოდ მონაწილეობს. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით აშშ-სა და დასავლურ დაზვერვასთან დაახლოებული პირები ადასტურებენ.

"ის აშკარად თავად იღებს გადაწყვეტილებებს. როგორც ჩანს, არც მთავრობისა და არც მინისტრთა კაბინეტის ექსპერტებს ეყრდნობა.

შესაბამისად, რთულად წარმოსადგენია, რომ საზოგადო მოსაზრებამ მასზე გავლენა იქონიოს". - თქვა NATO-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები