ფინეთი-შვედეთი-NATO

21 მაისს რუსეთი ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს

Vesa Moilanen/Lehtikuva/AFP/Getty Images

ფინეთის მთავარი გაზის კომპანიის, გასუმის თქმით, 21 მაისს რუსეთი ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს. 

პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მფლობელობაში მყოფმა კომპანიამ აღნიშნა, რომ 21 მაისიდან მოყოლებული ზაფხულის ჩათვლით, გასუმი მომხმარებლებს გაზს სხვა წყაროების საშუალებით მიაწვდის.

"ძალიან სამწუხაროა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის მიწოდება შეჩერდება". – თქვა კომპანიის დირექტორმა, მიკა ვილიანენმა. 

გასუმის ვიცეპრეზიდენტმა ოლგა ვაისანენმა CNN-თან თქვა, რომ ფინეთი ასევე იღებს გაზს ბალტიის დამაკავშირებელი მილსადენით ესტონეთის გავლით, თუმცა, მან ასევე თქვა, რომ ზამთრის სეზონი რთული იქნება. 

14 მაისს რუსეთმა ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინელ კოლეგა საული ნიინისტესთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რომელმაც, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს.

ამასთან ერთად, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განმარტა, თუ რატომ განსხვავდება რუსეთის რეაქცია უკრაინისა და ფინეთ-შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პესკოვმა ყურადღება გაამახვილა, რომ რუსეთს არ აქვს ტერიტორიული დავა არც ფინეთთან და არც შვედეთთან მაშინ, როდესაც უკრაინა "შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი, შემდეგ მოსკოვს ტერიტორიული დავა ექნება ალიანსის წევრ სახელმწიფოსთან, რაც უზარმაზარ რისკებს შეიცავს მთელი კონტინენტისთვის".

15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას.

კომენტარები