ფინეთი-შვედეთი-NATO

"ფინეთი და შვედეთი NATO-სთვის ღირებული მოკავშირეები იქნებიან" – ჯონსონი ერდოღანს ესაუბრა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერთიანებულ სამეფოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობისა და NATO-ს სამხედრო ალიანსის გაფართოების საკითხებზე ისაუბრეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ს ალიანსისთვის ღირებული მოკავშირეები იქნებიან. ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბორის ჯონსონმა ერდოღანი "წაახალისა", რათა თურქეთის მთავრობამ შვედ და ფინელ კოლეგებთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყოს და ივნისში მადრიდის სამიტის წინ არსებული დაძაბულობა გადალახოს. 

ჯონსონსა და ერდოღანს შორის საუბარი შედგა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების განხილვის დაწყების პროცედურა დაბლოკა

ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები 18 მაისს გადასცეს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი პესიმისტურად შეაფასა. ერდოღანის თქმით, გაფართოებაზე წევრი ქვეყნები ერთსულოვნად უნდა შეთანხმდნენ. ასევე, მისი აზრით, საბერძნეთის NATO-ში შესვლა შეცდომა იყო.

15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

კომენტარები