რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ბრიტანეთი: აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში 1 700-მდე უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა

Alexander Ermochenko/Reuters

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში 1 700-მდე უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა. ანგარიშის მიხედვით, ქარხანაში უკრაინის სამხედრო ძალების გაურკვეველი რაოდენობა რჩება.

"მას შემდეგ, რაც რუსეთი მარიუპოლს აიღებს, დიდი ალბათობით, ქვედანაყოფებს დონბასში ოპერაციების გასაძლიერებლად გადაიყვანენ.

მარიუპოლში უკრაინელი ჯარისკაცების მტკიცე წინააღმდეგობა ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ამ რეგიონში ხელახლა უნდა განლაგდნენ და ძალები აღიდგინონ, რაც ხანგრძლივი პროცესია.

ამასთან ერთად, რუსეთის სამხედრო მეთაურები მიზნების მიღწევის გამო, ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ეს ნიშნავს, რომ მოსკოვი ძალებს სპეციალური მომზადების გარეშე გაანაწილებს, რაც სამხედრო ოპერაციების წარმატებას ხელს შეუშლის". - წერია ანგარიშში.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები