რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: პუტინთან დათმობაზე წასვლა სხვა ევროპელმა პოლიტიკოსებმაც შემოგვთავაზეს

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გარდა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დათმობაზე წასვლა სხვა ევროპელმა პოლიტიკოსებმაც შესთავაზეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.   

"ზოგადად, ეს განცხადებები არა მხოლოდ ბატონი მაკრონის, არამედ  სხვა ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან უცნაურია… ცხადია, რომ უკრაინული საზოგადოება მსგავს მოთხოვნებს არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს. ასევე, რუსეთის ფედერაციასთან დათმობაზე წასვლა მინსკ-3-ს ნიშნავს  და, შესაბამისად, გადადებულ ომს. ევროპის პოლიტიკურმა ელიტამ ეს უნდა გაიგოს, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ამას შეგნებულად არ დავთანხმდებით.

ჩემთვის გაუგებარია ომის 83-ე დღეს ევროპაში მსგავსი აზრები რატომ ჩნდება. მათ ალბათ რუსეთის ფედერაციასთან ბიზნესის ჩვეულ წესებთან დაბრუნება სურთ, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს აღარ მოხდება, რადგან რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო დანაშაულები დაფიქსირდა". - თქვა პოდოლიაკმა.

ამასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წასვლა შესთავაზა, რათა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს "სახე შეენარჩუნებინა".


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები