NATO-საქართველო

სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

"ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს". - ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

სტოლტენბერგი საკუთარი Twitter-ის გვერდზე წერს, რომ პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე რუსეთის უკანონო ომზეც ისაუბრეს, - "ნატო-ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე". - წერს ნატო-ს გენერალური მდივანი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა.


დღეს, 18 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმდა. შესაბამისი ცნობა NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ შეხვედრის გაუქმების მიზეზი სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

მოგვიანებით, NATO-მ განცხადება განაახლა, რომლის მიხედვითაც, გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებოდა.

საქართველოს პრემიერმინისტრი ბრიუსელში 17 მაისს გაემგზავრა. ის უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელმაც ღარიბაშვილთან საუბარში ყურადღება ქვეყანაში რეფორმებისა და კანონის უზენაესობის საჭიროებაზე გაამახვილა.

კომენტარები