ნიკა გვარამიას საქმე

წულუკიანი გვარამიაზე: ყველანაირი თავში ცემა, ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო

საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ბრალეულობა დადასტურებულია და ვარაუდი აღარ არის. 

"არ მგონია, რომ ნიკა გვარამიასთან საჭიროა ენის მოჩლექით საუბარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია სისხლის სამართლის დანაშაული, მისჯილი აქვს სასჯელი. მას აქვს კონსტიტუციური უფლება და გამოიყენებს კიდეც, რომ ეს განაჩენი გაასაჩივროს".- ამბობს წულუკიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

მისივე თქმით, ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის კუთვნილი თანხების სხვა, კერძო კომპანიაში გადატანით იყო დაკავებული. 

"როდესაც სტრასბურგის სასამართლოში დავას ვაწარმოებდი, მე თვითონ ფაქტებით ვხედავდი, რომ მისი მთავარი მიზანი იყო სისწრაფე და საუკეთესო შემთხვევაში რუსთავი 2-ის გაკოტრება, რომ აზრი აღარ ჰქონოდა ამ კომპანიის კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებას. მან ეს ბოლომდე ვერ შეძლო, მაგრამ შეძლო ის, რომ შვიდი მილიონ ლარამდე ქონებრივი უფლებები გაფლანგა მის მიერვე დაფუძნებული კომპანიის და მისივე პირადი ინტერესების სასარგებლოდ. თუ ეს არ არის დანაშაული, მაშინ არ ვიცი, რა არის დანაშაული. ამიტომ, ყველანაირი თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო, უსაფუძვლო სამართლებრივად. მე რუსთავი 2-ს ვუსურვებ ამ თანხების როგორღაც დაბრუნებას, სამართლებრივი ბერკეტები არის ამის, რაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ ეს დავა შეიძლება ცოტა გართულებული იყოს, რადგან დრო არის გასული. მესმის, რომ რეალობა მწარეა. არ მიკვირს იმ ადამიანების კრიტიკა, რომ ნიკა გვარამია უდანაშაულოა, ვინც თავის დროზე ამბობდა, რომ რუსთავი 2 ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს მიტაცებული".- ამბობს წულუკიანი. 


16 მაისს, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიუსაჯა 50 000 ლარი ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით. სასჯელის შთანთქმის პრინციპით მას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა.

მოსამართლემ მისი დაუყოვნებლივ დაკავების განკარგულება გასცა.

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000- ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

"უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 3 წლისა და 6 თვის ვადით" - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები