რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩერნიგოვის ოლქის დაბომბვისას 8 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა

УНИАН

ჩერნიგოვის ოლქის სოფელ დესნაში დაბომბვას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 11 მოქალაქე. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

Unian-ის ინფორმაციით, მონაცემები ბოლოს დილის 11:00 საათზე განახლდა - მედიის ცნობით, მაშველები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. 

ოკუპანტებმა ჩერნიგოვის ოლქი დღეს, 17 მაისს, დილით დაბომბეს.   

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები