რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 10 ადამიანი, დაშავდა – 3

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ინფორმაციას ლუგანსკის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. მისივე ცნობით, დაჭრილებს შორის არიან გორნის, ზოლოტოისა და ბოროვსკოეს მაცხოვრებლები.

სერგეი გაიდაის ცნობით, რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა საარტილერიო ცეცხლი სევეროდონეცკის ქალაქის მულტიდისციპლინურ საავადმყოფოსაც გაუხსნეს.

"ასევე სევეროდონეცკში განადგურდა სამშენებლო მასალების მაღაზია და ოთხი მაღალსართულიანი შენობა. კიდევ ოთხი სახლი - რუბიჟნეში, ორი - ლისიჩანსკში". - ამბობს სერგეი გაიდაი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები