რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ბელარუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ ძალების მობილიზაცია გამოაცხადა

რუსული ტექნიკა უკრაინაში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მაისი დასაწყისში მიმდინარე წვრთნების შემდგომ, ბელარუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ სპეციალური ძალების, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფების მობილიზაცია გამოაცხადა. 

"ბელარუსის ჯარების არსებობა, სავარაუდოდ, უკრაინელი ჯარისკაცების დონბასში განლაგებას შეზღუდავს. ამასთან ერთად, ბელარუსის ქვედანაყოფები უშუალოდ კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ.

რუსეთის სამხედრო ძალები ბელარუსის ტერიტორიას კიევსა და ჩერნიგოვში წინსვლისთვის იყენებდნენ. ასევე, რუსეთის ქვედანაყოფებმა ბელარუსის ტერიტორიიდან სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს.

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აბალანსებს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, რათა კონფლიქტში მონაწილეობა თავიდან აიცილოს, დასავლეთის სანქციების, უკრაინის მხრიდან შურისძიებისა და ბელორუსის სამხედროების დაუმორჩილებლობის გამო". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები