რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ოკუპანტების ძალისხმევა ხარკოვიდან ჯარების გაყვანაზეა მიმართული – უკრაინის თავდაცვა

REUTERS

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუს ოკუპანტებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ. 

"ხარკოვის მიმართულებით, მტერი აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებდა. მთავარი ძალისხმევა ქალაქ ხარკოვიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფისკენ იყო მიმართული. ასევე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე". - წერია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე ოკუპანტების მთავარი მიზანი დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქებზე კონტროლის დამყარებაა. მათივე ცნობით, რუსული ძალების განსაკუთრებული აქტიურობა სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებით შეინიშნება. 

ოკუპანტები კვლავ აგრძელებენ აზოვსტალის ფოლადის ქარხნის ბლოკირებას, რომელსაც თავს მარიუპოლიც მცველები აფარებენ - გრძელდება საჰაერო შეტევაც. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები