რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის სამხედრო ძალებმა 6 დასახლება გაათავისუფლეს

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან კიდევ ექვსი დასახლება გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე, უკრაინამ კონტროლი 1015 ქალაქსა და სოფელზე აღადგინა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა 13 მაისს თავის მიმართვაში განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს ყველა ქალაქი და ყველა თემი, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ხერსონი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ენერგოდარი, მარიუპოლი და დონბასის ყველა ქალაქი და დაბა. ხარკოვის ოლქის თანდათანობით განთავისუფლება მოწმობს, რომ მტრის ხელში არაფერს დავტოვებთ.

გრძელდება დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენის პროცესი. ბრუნდება ელექტროენერგია, წყალმომარაგება, კომუნიკაციები, ტრანსპორტი და სოციალური სერვისები". - თქვა ზელენსკიმ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები