რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

G7-ს შეხვედრებზე მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს, საქართველო – არა

G7-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში სხვადასხვა საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შედეგად გაჩენილ პრობლემებს, მათ შორის საკვებთან და ენერგიასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს. 

G7-ის ქვეყნებთან ერთად სამიტზე ასევე მიიწვიეს უკრაინა და მოლდოვა, თუმცა საქართველო მიწვეულთა სიაში ვერ მოხვდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უკვე გლობალურ კრიზისად გადაიქცა. მისი თქმით, არსებულ მომენტში 25 მილიონი ტონა მარცვლეული არის რუსეთის მიერ ბლოკირებული უკრაინაში, ოდესის პორტში და მისი გამოტანა ვერ ხერხდება.

ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი რუსეთის მიერ აღნიშნული ბლოკადის მოგვარებაა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები