რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებით $521 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოყოფს

ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი უკრაინას დამატებით $521 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ჩვენ უკრაინას დამატებით 500 მილიონს გამოვუყოფთ". - თქვა ბორელმა ვაისენჰაუსში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

ასევე, ბორელის თქმით, G7 ეკონომიკური სანქციების კუთხით "რუსეთზე მეტ ზეწოლას მოახდენს". დიპლომატმა აღნიშნა, რომ ის "ოპტიმისტურადაა განწყობილი", რომ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო დაწესდება, რაც "რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის აუცილებლობას უსვამს ხაზს".

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები