რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ: ათასობით უკრაინელი ე.წ ფილტრაციის ცენტრებში გაგზავნეს

მაიკლ კარპენტერი
Official Publication

ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ათასობით უკრაინელი ე.წ ფილტრაციის ცენტრებში გაგზავნეს, ხოლო ათობით ათასის რუსეთში ევაკუირება მოახდინეს. ამის შესახებ ეუთოში (OSCE) აშშ-ს ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა ისაუბრა. 

კარპენტერის თქმით, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, "ფილტრაციის ცენტრებში" გადაყვანილი ადამიანები ძალადობის მსხვერპლები არიან.

"რამდენიმე მოწმის მიხედვით, "გაფილტვრა" მოიცავს ადამიანების ცემასა და წამებას, რათა დადგინდეს არიან თუ არა ისინი უკრაინული სახელმწიფოს მიმართ ერთგულები". – თქვა კარპენტერმა.

კარპენტერმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ ბანაკებში მოხვედრილ ადამიანებს დეტალურ შემოწმებას უტარებენ, მათზე ინფორმაციას აგროვებენ და ხშირად პირად დოკუმენტებსა და ნივთებს ართმევენ. 

"რუსეთის ჯარისკაცები დაზარალებულებს ფოტოებს უღებენ სხვადასხვა კუთხიდან, იღებენ მათ თითის ანაბეჭდებს და ფიზიკურ შემოწმებას უტარებენ ტატუების აღმოსაჩენად, ამოწმებენ მათ ტელეფონებს, იწერენ მათ კონტაქტებსა და ინფორმაციას და აგროვებენ ინფორმაციას მათი ბიოგრაფიის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში, რუსი ჯარისკაცები მათ პასპორტებს, საინდეფიკაციო დოკუმენტებსა და ტელეფონებს ართმევენ". – ამბობს კარპენტერი.

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ფილტრაციის ზომებს“ იღებენ და  უკრაინის მოქალაქეებს იტაცებენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ინფორმაციით, ოკუპანტები მსგავსს ზომებს ხარკოვში, ზაპოროჟიაში, ხერსონში, მიკოლაივში, ლუგანსკსა და დონეცკის ოლქებში იღებენ. „ფილტრაცია“ მიზნად ისახავს სრულწლოვანი მამაკაცების, ყოფილ სამხედრო და სამართალდამცავ პერსონალისა და პროუკრაინელი აქტივისტების დაკითხვას, წამებისა და შესაძლო სიკვდილით დასჯას. GUR-ის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინელ მძევლებს ყირიმში დამატებით აგზავნიან, რათა მომავალში ტყვეების გაცვლაში უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალონ. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები