რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში კასეტური ბომბები გამოიყენეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დნიპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ველიკა კოსტრომკაზე იერიში კასეტური ბომბებით მიიტანეს. ოკუპანტების დაბომბვამ 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არიან დაჭრილებიც. აგრეთვე, განადგურდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

"ამ ტერიტორიაზე არცერთი სამხედრო ობიექტი არ არის. რუსი ჯარისკაცები ცინიკურად ანადგურებენ უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ისინი არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. თუ წააწყდებით ომის დანაშაულების ფაქტებს, აუცილებლად ჩაიწერეთ და გამოგვიგზავნეთ დამამტკიცებელი საბუთი". - წერს გენარალური პროკურორის ოფისი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები