რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელი სამხედრო ბუჩის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე ქალაქის დაბრუნებას აღნიშნავს, 2022 წლის 2 აპრილი.
Rodrigo Abd/AP

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გენადი ლაგუტამ ისაუბრა.

"მთავარი საომარი მოქმედებები ახლა დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის საზღვრებთან მიმდინარეობს. დნეპროპეტროვსკის რეგიონის მხარეს - მადლობა ღმერთს, დიდება ჩვენს მამაც შეიარაღებულ ძალებს! - ჩვენ უკვე 20-მდე დასახლება სამ ტერიტორიულ თემში გავათავისუფლეთ - ვისოკოპილსკა, ნოვოვორონცოვსკაია და კოჩუბეევსკაია". - თქვა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ლაგუტას ინფორმაციით, სადაც ეს შესაძლებელია, „მშვიდობიანი ცხოვრება ბრუდება, უკრაინის სახელმწიფო ორგანოებმა მუშაობა გაანახლეს, იხდიან პენსიებს და ჰუმანიტარული შტაბი შეიქმნა".


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები