რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სიიარტო: უნგრეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დაუჭერს, თუ ბლოკი ალტერნატივას შესთავაზებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი ევროკავშირის რუსულ ნავთობზე ემბარგოს ინიციატივას მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუ ბლოკი პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზას შესთავაზებს.

"ჩვენ ევროკომისიას ნათლად ავუხსენით, რომ ამ წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივცემთ ხმას, თუ ბრიუსელი პრობლემის გადაჭრის სწრაფ გზას დასახავს". - თქვა სიიარტომ.

ევროკავშირის ინიციატივა რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოსა და წლის ბოლომდე რუსეთის უდიდესი ბანკის, Sberbank-ის SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების ქსელიდან ამოღებას მოიცავს. 

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტში ცვლილებებს, კერძოდ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ევროკავშირის მიზანი ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, თუმცა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. მათ შორის, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტს, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვასაც მოიცავს, ისეთი ფორმით, როგორითაც ახლა განიხილება, ქვეყანა მხარს "ვერ დაუჭერს". ორბანის სიტყვებით, ეს უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის ტოლფასი იქნება.

კომენტარები