რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის გამო უკრაინა ევროპის მომმარაგებელი ერთ-ერთი გაზის სადგურის მუშაობას აჩერებს

უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი, ომის გამო, გაზის გამნაწილებელი სადგური სოხრანივკას მუშაობას 11 მაისიდან შეაჩერებს. ამის შესახებ კომპანიამ თავად განაცხადა. შეწყდება საკომპრესო სადგური ნოვოფსკოვის მუშაობაც.

ნოვოფსკოვის სადგურიდან ევროპას რუსული იმპორტირებული გაზის თითქმის 1/3 მიეწოდება.

"უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი იტყობინება ფორსმაჟორული სიტუაციის შესახებ, რომლის გამოც გაზის გამანაწილებელი სადგური სოხრანივკიდან და საკომპრესო სადგური ნოვოფსკოვიდან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობენ, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების გაგრძელებას შეუძლებელს ხიდს. საკომპრესო სადგური ნოვოფსკოვი არის ლუგანსკში უკრაინის გაზის ტრანზიტის სისტემის პირველი საკომპრესო სადგური, რომლიდანაც ევროპაში რუსული გაზის თითქმის 1/3 (დღეში 32.6 კუბურ მეტრამდე) გადის". – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

როგორც უკრაინის გაზის ოპერატორი კომპანია აღნიშნავს, ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვა იმიტომ უწევთ, რომ ნახსენები სადგურები ამჟამად რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს და მათ მუშაობას ოკუპანტები ცვლიან. 

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად, რამდენიმე გაზის გამანაწილებელი სადგურის ობიექტი მდებარეობს ტერიტორიაზე, რომელსაც რუსი სამხედროები და საოკუპაციო ადმინისტრაცია დროებით აკონტროლებენ. ამჟამად, უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემის ოპერატორს არ შეუძლია ოპერაციული და ტექნიკური კონტროლი ჰქონდეს საკომპრესო სადგურ ნოვოფსკოვსა და ამ ტერიტორიებზე მყოფ სხვა საკუთრებებზე. ამას გარდა, საოკუპაციო ძალების ტექნიკურ პროცესში ჩარევისა და გაზის განაწილების სისტემის ობიექტების მუშაობის სისტემის ცვლილების, მათ შორის ნებართვის გარეშე გაზის მიწოდების ნაკადებიდან ბუნებრივი აირის გაშვების შედეგად, მთელი უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება". – ნათქვამია განცხადებაში. 

უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი ევროპას სთავაზობს, რომ სოხრანივკას ნაცვლად დაკლებული ბუნებრივი აირის რაოდენობა სუდჟას სადგურიდან მიაწოდოს, რათა საკუთარი სატრანზიტო ვალდებულებები შეასრულოს.

როგორც უკრაინულმა კომპანიამ აღნიშნა, ოკუპანტების ქმედებებთან დაკავშირებით, აქამდე რამდენჯერმე გააფრთხილეს ბუნებრივი აირის ექსპორტიორი რუსული კომპანია, გაზპრომი, თუმცა მათ პასუხი არ გაუციათ.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები