რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: ახლა საკმარისად ძლიერები ვართ – გამარჯვება ტერიტორიების გათავისუფლება იქნება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინამ განაახლა საომარი მიზნები და ახლა რუსული სამხედრო ძალების ქვეყნიდან გაყვანას ცდილობს. Financial Times-თან ინტერვიუში კულება ამბობს, რომ ახლა უკრაინა საკმარისად ძლიერია და მათთვის გამარჯვება ტერიტორიების გათავისუფლება იქნება.

"ომის პირველ თვეებში გამარჯვებად წარმოგვედგინა მიყენებული ზიანის ანაზღაურება და  რუსული ძალების იმ პოზიციებზე დაბრუნება, რომლებიც 24 თებერვლამდე ჰქონდათ დაკავებული. ახლა ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ სამხედრო ფრონტზე და მოვიგებთ ბრძოლას დონბასისთვის, რაც გადამწყვეტი იქნება ომის შემდგომი განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამ ომში გამარჯვება დანარჩენი ტერიტორიების გათავისუფლება იქნება". – თქვა კულებამ.

კულება ამბობს, რომ მხოლოდ რუსეთის დამარცხება მისცემს უკრაინას შავი ზღვის პორტების გახსნისა და საექსპორტო ეკონომიკის განახლების საშუალებას. მინისტრის თქმით, თუ კიევს კიდევ უფრო მეტ სამხედრო მხარდაჭერას მიაწოდებენ, უკრაინა შეძლებს რუსეთის სამხედრო ძალების უკან დახევას ხერსონის რეგიონიდან, შესაბამისად, შავი ზღვაზე გასასვლელის განბლოკვას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები