ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროპის დღესთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა. მან კიდევ ერთხელ დაგმო რუსული აგრესია უკრაინაში და მთელი ევროპისა და ევროკავშირის სახელით უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"დღეს ჩვენი კონტინენტი წარსულის ჩრდილის წინაშე დგას, რომელიც გვეგონა, რომ დიდი ხნის წინ გადავლახეთ. სასტიკი ომია და ვხედავთ უაზრო აგრესიასა და განადგურებულ ქალაქებს. მილიონობით უდანაშაულო ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. ხალხი სასოწარკვეთილი იბრძვის, რომ განსაზღვროს თავისი მომავალი. ევროპა უკრაინის მხარესაა. ამავდროულად, უკრაინაში კრემლის შეჭრა გვახსენებს, თუ რატომ აღვნიშნავთ ევროპის დღეს. დღეს, როდესაც მშვიდობიანი, წარმატებული და ერთიანი ევროპა დაიბადა. 72 წლის შემდეგ, ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ერთად ვდგავართ ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი შეძლებს უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევას. მილიონობით ევროპელი, ჩვენი, ევროკავშირის ყველა კუთხესა და ყველა სფეროში მობილიზებულია იმისთვის, რომ გაჭირვებაში მყოფ მეზობლებს დაეხმარონ. მილიონობით ევროპელმა გააღო კარი უკრაინელი ლტოლვილებისთვის. ამდენივემ გაუგზავნა საკვები, ტანსაცმელი და ჩაურიცხა თანხა. იმაზე უფრო მეტად, როგორც არასდროს, ევროპელები გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან და ეს ჩემს გულს სიამაყით ავსებს. ევროპის დღეს გილოცავთ". - წერს ფონ დერ ლეიენი.
მშვიდობიანი და ერთიანი ევროპის დღეს ევროკავშირი 9 მაისს აღნიშნავს.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.