რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

G7-ის ლიდერები ზელენსკისთან საუბრის შემდეგ რუსეთის ეკონომიკური იზოლაციის პირობას დებენ

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დიდი შვიდეულის ვიდეოკონფერენციაზე, 8 მაისი, 2022.

დიდი შვიდეულის ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ თქვეს, რომ G7 რუსეთის ელიტის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს. ასევე, დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთის ეკონომიკის სრულ იზოლაციაში მოქცევას ეცდებიან. 

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ასევე პირობა დადეს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას ეტაპობრივად, მათ შორის რუსული ნავთობის აკრძალვით შეაჩერებენ. 

"ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ კამპანიას რუსეთის ელიტებისა და მათთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის საომარ მოქმედებებს უკრაინაში მხარს უჭერენ და ომში რუსი მოქალაქეების რესურსებს ფლანგავენ". - ვკითხულობთ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ასევე, დიდი შვიდეულის შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს სამ რუსულ სამთავრობო ტელევიზიას და Gazprombank-ის 27 აღმასრულებელ ხელმძღვანელს. ასევე, ახალი სანქციების თანახმად, ამერიკელებს ეკრძალებათ რუსი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდება. სანქცირებულ ტელევიზიებს შორის არის Россия 1, Первый канал Россия და НТВ. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები