რუსეთი

პატრიარქი კირილი: რუსეთი არავის უსურვებს ბოროტებას, არავის დაპყრობა და ოკუპაცია არ სურს

Mikhail Svetlov/Getty Images

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთი ბოროტებას არავის უსურვებს, არავის დაპყრობა და ოკუპაცია არ სურს, რადგან იგი "თვითკმარი სახელმწიფოა".

"რუსეთი არავის უსურვებს ბოროტებას, არ სურს არავის დაპყრობა და ოკუპაცია, არ სურს ვინმესგან რესურსების მიღება, როგორც ამას მსოფლიოს მდიდარი და ძლიერი ქვეყნების უმეტესობა აკეთებს – სუსტი და უმწეო ქვეყნების ეკონომიკურად ოკუპაციას ახდენენ. ჩვენ არ გვჭირდება ეს ყველაფერი, ჩვენ თვითკმარი სახელმწიფო ვართ, მაგრამ გვჭირდება მხოლოდ ერთი რამ – ჩვენი ჭეშმარიტი თავისუფლება, დამოუკიდებლობა მსოფლიოს ძალაუფლების ცენტრებისგან". – თქვა პატრიარქმა კირილმა.

რუსეთის პატრიარქმა სისულელე უწოდა ბრალდებებს, რომ იგი მილიტარისტულ განცხადებებს აკეთებს. კირილმა რუს ხალხს სულიერი და მატერიალური ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა.

"უნდა გავაერთიანოთ მთელი ჩვენი ძალა, სულიერიც და მატერიალურიც, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა. ჩემი სიტყვები არ არის ის, რისი დახასიათებაც ჩვენს ოპონენტებს სურთ როგორც "პატრიარქის კიდევ ერთი მილიტარისტული გამოსვლა". ეს ყველაფერი სისულელეა". – თქვა პატრიარქმა კირილმა.

4 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები