რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"საზღვაო ქვეითები მუდამ ერთგულნი იქნებიან!" – უკრაინელი მაიორის წერილი აზოვსტალიდან

 უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორი, სერგეი ვოლინა

მარიუპოლის გარნიზონის ერთ-ერთმა ლიდერმა,  უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგეი ვოლინამ საკუთარ Facebook-ზე აზოვსტალის ქარხნიდან, სადაც აზოვის პოლკისა და უკრაინის საზღვაო ქვეითთა ბოლო ძალებია გამაგრებული, წერილი გამოაქვეყნა:

რას ვგრძნობ? 

თითქოს მოვხვდი რაღაც ჯოჯოხეთურ რეალითი შოუში, რომელშიც ჩვენ, სამხედროები ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიყენებთ ნებისმიერ შანსს გადარჩენისთვის, მთელი მსოფლიო კი უბრალოდ საინტერესო სიუჟეტს უყურებს! ასეთი სცენარებს ფილმებსა და სერიალებში იყენებენ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეს ფილმი არ არის, ჩვენ კი გამოგონილი პერსონაჟები არ ვართ! ეს რეალური ცხოვრებაა! ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, წვალება, ცრემლები, შიში, სიკვდილი – ყველაფერი სინამდვილეა!

რა მაკვირვებს?

ცინიზმი!!! ადამიანის ცინიზმს საზღვარი არ აქვს!!! არსებობს საზოგადოდ მიღებული წესები, ისინი ყველასთვის ერთია, დამოწმებულია უამრავი კანონით, ხელმოწერითა და ბეჭდით, თუმცა ისინი არ მოქმედებენ! მაშინ რა საჭიროა ისინი?

რისი იმედი მაქვს?

გასაკვირია! იმისი, რომ უმაღლესი ძალები (ამ სიტყვის ფართო გაგებით) ჩვენი გადარჩენისთვის გამოსავალს იპოვიან! და ეს ჯოჯოხეთური რეალითი შოუ დასრულდება...

უმაღლესო ძალებო, ველით თქვენი ქმედების რეზულტატს... დრო მიდის, დრო კი ჩვენი სიცოცხლეა!

საზღვაო ქვეითები – მუდამ ერთგულნი იქნებიან! დიდება უკრაინას!

P.S. თეთრი დროშები, მოქალაქეთა ევაკუაციისთვის, უკვე ოთხჯერ იქნა გამოყენებული ხალხის თითოეული ევაკუაციის დროს. ბოლო ევაკუაციის საფასური – სამი მოკლული და ექვსი დაჭრილი სამხედრო. მარიუპოლის გარნიზონმა მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად გააკეთა ყველაფერი. ვთხოვთ ყველას, სამხედროების ევაკუაციისთვის მაქსიმუმი ძალისხმევა გამოიჩინონ.


19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული.

მაისში რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე მასიური იერიშები განაახლეს. აქამდე, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია შესაძლებელი გახდა.

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში 4 მაისს შეიჭრნენ. აქამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ. შეჭრასთან დაკავშირებით ინფორმაციას კრემლი უარყოფს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 7 მაისს აზოვსტალიდან შესაძლებელი გახდა ყველა ქალის, ბავშვისა და მოხუცის ევაკუაცია.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგეი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

კომენტარები