რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლში თითოეული სახლის ნანგრევებში, დაახლოებით, 80-100 ცხედარი იპოვეს – მერის მრჩეველი

REUTERS

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, ქალაქის გაწმენდისას თითოეული შენობის ნანგრევებში, დაახლოებით, 80-100 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ანდრიუშენკო Telegram-გვერდზე ავრცელებს. 

მერის მრჩეველი წერს, რომ ინფორმაცია ამის შესახებ ერთ-ერთმა მოხალისემ მიაწოდა, რომლის სახელსა და გვარს არ ასაჯაროვებს - ის კვლავ ქალაქში იმყოფება და, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ანდრიუშენკოს ცნობით, ის ნანგრევების გაწმენდის სამუშაოებში ოკუპანტების ზეწოლის გამო და ოჯახის გამოკვების მიზნით ჩაერთო.  

ანდრიუშჩენკოს თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მარიუპოლში დანაკარგების ოფიციალური მაჩვენებლები, შესაძლოა, რეალურს არ ემთხვეოდეს.

"ადამიანებმა ქალაქში გადაადგილება დაიწყეს და ყველა საშინელება ნახეს, სრული ნგრევა - ახლა მთლიანი სურათი მათ თვალწინაა. ფსიქიკა ვერ იტანს "რუსული სამყაროს" სიხარულს". - წერს ის. 

13 აპრილს უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ქალაქ მარიუპოლში 20 000-დან 22 000-მდე ადამიანი დაიღუპა.  

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები