უსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

"სანქციები კავშირის საბოლოო განადგურებას გამოიწვევს" – რუსეთი ბრიტანეთის ელჩს "აფრთხილებს"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ელჩი, დებორა ბრონერტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მათ შორის, სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო უწყებაში დაიბარეს.

"ელჩს ეცნობა ასეთი დესტრუქციული ქმედებების მიუღებლობის შესახებ, მათი გაგრძელება გარდაუვლად გამოიწვევს ორმხრივი კავშირების საბოლოო განადგურებასა და რუსეთსა და გაერთიანებულ სამეფოს ხალხს შორის ურთიერთობის დაზიანებას". - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რუსული მედიის წინააღმდეგ სანქციების დაწესება "მხოლოდ იმის გამო, რომ მათი გაშუქება და მოვლენების ინტერპრეტირება დასავლურ მაგალითს არ შეესაბამება, მორიგ ჯერზე ადასტურებს ბრიტანელი პოლიტიკოსების ორგულობასა და ცინიზმს, რომელთათვისაც მედიის თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა საბაზრო პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტი. 

სამინისტრო  დიდ ბრიტანეთსა და და მის წარმომადგენლებს "საფრთხის შემცველი" განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს, რომლებიც, მათივე მტკიცებით, შეიცავს "ტყუილსა და აშკარა უხეშობას" რუსეთის წინააღმდეგ.

"რუსული მხარე გააგრძელებს ლონდონის მიერ ინიცირებულ ყველა სანქციაზე მკაცრი და გადამწყვეტი პასუხის გაცემასა და საპასუხო ზომებს მიიღებს". - წერია განცხადებაში.   

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები