რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დონორთა კონფერენციაზე რამდენიმე საათში უკრაინისთვის $6.5 მილიარდი შეგროვდა

ვარშავაში გამართულ დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად რამდენიმე საათში $6.5 მილიარდი შეგროვდა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ კონფერენციაზე თქვა.

თანხა შეგროვდა სხვადასხვა ქვეყნისა და კომპანიის დახმარებით. კონფერენციის თანაწამყვანის, შვედეთის პრემიერმინისტრის მაგდალენა ანდერსონის თქმით, შეგროვებულმა თანხამ მათ მოლოდინებს გადააჭარბა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლონეთში დონორთა კონფერენციის წინ უკრაინულ ინტერფაქსთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს კონფერენცია უკრაინისთვის ევროპული მარშალის გეგმის საფუძველი უნდა გახდეს.
 


19 აპრილს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლეკსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ უკრაინის ინფრასტრუქტურის 30%-მდე დააზიანა ან გაანადგურა. კუბრაკოვის თქმით, ამ დროის მონაცემებით, განადგურებული სახლების, შენობების, ხიდების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა ინფრასტრუქტურის აღსადგენად ჯამში 500 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.

"პრაქტიკულად, ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყველა კომპონენტი განადგურებული ან დაზიანებულია. აგრეთვე, ოკუპანტებმა გაანადგურეს ან დააზიანეს 300-ზე მეტი ხიდი და 8 000 კმ-ზე მეტი გზა. 

მჯერა, რომ თუ ყველა სწრაფად იმუშავებს, ხიდების, გზებისა და სახლების აღდგენას 2 წელიწადში მოვახერხებთ. ფულის მოსაძიებლად არაერთი გზა განიხილება, მათ შორის, დასავლეთის მიერ რუსი ოლიგარქებისთვის გაყინული ქონებიდან". - ამბობს კუბრაკოვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები