რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვის ზოოპარკიდან ცხოველების ევაკუაციის დროს, ოკუპანტებმა 15 წლის მოხალისე მოკლეს

რუსი სამხედრო უკრაინაში

უკრაინის ქალაქ ხარკოვის ზოოპარკიდან, აფრიკული კამეჩების ევაკუაციის დროს, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ზოოპარკის თანამშრომლებსა და მოხალისეებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მოხალისე, 15 წლის ბიჭი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის მფლობელმა, ოლეკსანდრ ფელდმანმა გაავრცელა.

"გარდა ამისა, ოკუპანტების მიერ სროლის შედეგად, მძიმე დაზიანება მიიღო კიდევ ორმა ადამიანმა. ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან. დაღუპული 15 წლის ბიჭი ცხოველების ევაკუაციასა და გამოკვებაში მშობლებს ეხმარებოდა. ეს გმირი ბიჭუნა ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება". - ამბობს ფელდმანი.

გასულ თვეში ხარკოვის ზოოპარკის 2 თანამშრომელი, რომლებიც მარტში ქალაქის დაბომბვის დროს ადგილზე დარჩნენ, რათა ცხოველები გამოეკვებათ, მოკლული იპოვეს. ზოოპარკის განცხადების მიხედვით, მათ ოკუპანტებმა ესროლეს. ოფიციალურ განცხადებაში არ წერია, თუ როდის დაიღუპნენ თანამშრომლები, თუმცა, მათ მარტის დასაწყისიდან ეძებდნენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები