ბორჯომი

"ახალი პირობები შევთავაზეთ, მიუღებელი აღმოჩნდა" – ბორჯომმა 49 თანამშრომელი გაათავისუფლა

კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი გაათავისუფლა - განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები.

შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა, დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას – ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისთვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომი შემცირებების განხორციელება აღარ მოგვიწევს". - წერია განცხადებაში. 

კომპანია ბორჯომმა სანქციების გამო წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიის განცხადებით, მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ ძირითად სარეალიზაციო ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებაა, რასაც ემატება საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა.

IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტს Alfa Group-ი ფლობს. Alfa Group-ის დამფუძნებელი კი რუსი სანქცირებული მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანია. Alfa Group მოიცავს რუსეთის ტოპ კერძო ბანკს Alfa Bank-სა და 7 კომპანიას -. მასში IDS Borjomi International-იც შედის. 

გუშინ, 4 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ბორჯომთან დაკავშირებით მთავრობა მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული.  

"მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული. ამ შემთხვევაში, ჩვენ იურიდიულ დეტალებს ვაზუსტებთ იმისთვის, რომ ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც ერთის მხრივ დაეხმარება ბორჯომსა და კომპანიის ინტერესებს, მათ შორის დასაქმებულების ინტერესებს და მეორეს მხრივ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული იქნება". - თქვა მან. 

კომენტარები