რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინთან საუბრის შემდეგ, მაკრონი უკრაინის სურსათის ექსპორტზე რუსული ემბარგოს მოხსნას ეცდება

ემანუელ მაკრონი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას 
Sputnik/Kremlin via REUTERS

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 3 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა უკრაინის სურსათის ექსპორტზე რუსული ემბარგო მოიხსნას. პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, მაკრონმა პუტინს უთხრა, რომ დონბასსა და მარიუპოლში არსებული სიტუაციით შეშფოთებულია. ასევე, მან მოუწოდა რუსეთს, განაგრძოს ბოლო დღეებში დაწყებული აზოვსტალის ქარხნის ევაკუაცია და ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. 

"მე რუსეთს, როგორც გაეროს უშიშროების წევრ ქყეყანას, თავისი საერთაშორისო პასუხისმგებლობის შესრულებისა და უკრაინაში ამ დამანგრეველი თავდასხმის დასრულებისკენ მოვუწოდე". - თქვა მაკრონმა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები