იაპონია

იაპონიის პრემიერმინისტრი ტაილანდთან თავდაცვის შეთანხმების გაფორმებას დათანხმდა

იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა ტაილანდში, 2022 წლის 2 მაისი
the Japan Times

იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა ტაილანდთან თავდაცვის შეთანხმების გაფორმებას დათანხმდა. ამის შესახებ ცნობილი კიშიდას ტაილანდში ვიზიტის დროს გახდა. 

ფუმიო კიშიდა ტაილანდის პრემიერმინისტრს, პრაიუთ ჩან-ოჩას შეხვდა. თავდაცვის შეთანხმების გარდა მხარეები ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზეც შეთანხმდნენ. 

ინდო-წყნარიოკეანეთის რეგიონში ჩინეთის საფრთხის ზრდის ფონზე, ახალი შეთანხმების შედეგად, იაპონია და ტაილანდი გააუმჯობესებენ ორმხრივი უსაფრთხოების კოოპერაციას, ასევე თავდაცვის აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების ერთმანეთში გადაცემას. 

ამას გარდა, პრემიერმინისტრები შეთანხმდნენ, რომ, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინასა და მის მეზობლებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუზრდიან.

ინდო-წყნარიოკეანეთსი რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენის საწინააღდეგოდ, იაპონიას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) წევრებთან კავშირების გამყარება სურს, რათა აქ გახსნილობა და თავისუფლება წაახალისოს.

იაპონიას ასეთი შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ASEAN-ის სხვა ქვეყნებთან: ფილიპინებთან, ვიეტნამთან, მალაიზიასთან და ინდონეზიასთან.

"ჩვენი თავდაცვის აღჭურვილობისა და ტექნოლოგიის გადაცემის შეთანხმება არის მთავარი ნაბიჯი ორმხრივი თავდაცვის კოოპერაციის გასავრცობად". – აღნიშნა ფუმიო კიშიდამ. 

ფუმიო კიშიდას თქმით, იაპონია და ტაილანდი არც ერთ რეგიონში მოითმენენ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტებსა და სტატუს ქვოს ძალით შეცვლის მცდელობებს.

"პრემიერმინისტრი პრაიუთი და მე შევთანხმდით, რომ არასდროს მოვითმენთ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ რეგიონში ნებისმიერ დარღვევას, ნებისმიერ მცდელობას, სტატუს კვო ძალით შეიცვალოს და ჩვენ ვართ მასობრივი განადგურების იარაღით მუქარის ან მისი გამოყენების წინააღმდეგ". – თქვა იაპონიის პრემიერმა.

იაპონიისა და ტაილანდის თავდაცვის შეთანხმების დაწვრილებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.

კომენტარები