მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ხოშტარია: სააკაშვილის უფლებების დასაცავად, ყველა პროტესტსა თუ მოქმედებაში ჩავერთვები

ფოტო: ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრაზი გამოხატა, სააკაშვილის ოჯახსა და პარტიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ ის ყველა პროტესტსა თუ მოქმედებაში მიიღებს მონაწილეობას, რაც სააკაშვილის უფლებების დაცვასთან იქნება დაკავშირებული.

"მინდა, წუხილი, ბრაზი და პოზიცია გამოვხატო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ის დიაგნოზი, რაც გვესმის, ანორექსია ეს არის შიმშილობის შემდგომი და მკურნალობის არ არსებობის გამო გამოწვეული საგანგაშო მდგომარეობა. მეორე, რასაც ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან ვისმენთ. ეს შეურაცხყოფს თავად ამის მთქმელს, ზოგადად ადამიანს და მთლიანად ქვეყანას, როდესაც პრაქტიკულად ადამიანის წამების პირობებში შენ უბრალოდ სადისტურ განცხადებებს აკეთებ. ეს ყველა საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან დიდი ზიანის მომტანია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ქვეყანა, სადაც ნებისმიერი ადამიანის წამებასა და ცუდად ყოფნას მთავრობა ასეთი სადიზმით ეხმაურება და ჩვენი ყველას პრობლემა უნდა იყოს მისი უფლებების ასეთი შელახვა. სააკაშვილის საკითხი არ არის არც მხოლოდ მისი ოჯახის ან მისი პარტიის საკითხი. მე არ ვარ მისი პარტიის წევრი, აღარ მოვყვები ჩვენ განსხვავებულ ურთიერთობებს, მაგრამ მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უყურებს პუტინის რუსეთის თავდასხმასა და აგრესიას თავისუფალ უკრაინაზე, რომელსაც ახსოვს პუტინის თავდასხმა საქართველოზე სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, უმოქმედობა და ჩუმად ყოფნა ნამდვილად არ შემიძლია. ამიტომ, ამ საკითხში მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სააკაშვილის ოჯახს, მის პარტიას და მზად ვარ, ჩავერთო ყველა საპროტესტო მოქმედებაში. მე ერთხელ გადავდგი ძალიან რადიკალური ნაბიჯი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ეს არ ყოფილა ან ემოციური, ან რაღაც სიტუაციური. ეს იყო იმ პრინციპის დაცვის აუცილებლობა, რაც ჩვენს ქვეყანასა და ადამიანობას სჭირდება. მისი უფლებების დასაცავად ჩავერთვები ყველა მოქმედებაში". - თქვა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე.

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. მათი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ამ საკითხზე საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა სურთ. 

როგორც დავით სააკაშვილმა თქვა, ხვალიდან, 3 მაისიდან აქტიური შეხვედრები დაიწყება ექიმებთან და არასამთავრობო სექტორთან. სააკაშვილის ოჯახმა უწყვეტი აქციებიც დააანონსა. 

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს მოინახულეს. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.

 

კომენტარები